ფრანც კაფკა / მოთხრობა

Odradek

წიგნების მაღაზია Odradek-ს სახელი ფრანც კაფკას მოთხრობის იდუმალი არსების პატივსაცემად ეწოდა. აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ ორიგინალი და ხუთი თარგმანი.

ზოგი ამბობს, რომ სიტყვა „ოდრადეკი“ სლავური წარმოშობისაა და ამ საფუძველზე ცდილობს მის ახსნას. სხვები მიიჩნევენ, რომ ეს სიტყვა გერმანულია, თუმცა სლავური გავლენა განეცადა. ორივე განმარტების გაურკვევლობას კი, ალბათ, იმ სამართლიან დასკვნამდე მივყავართ, რომ ორივე მცდარია, მით უმეტეს რომ არცერთი მათგანი ამ სიტყვის მნიშვნელობას არ ხსნის.

რა თქმა უნდა, ამნაირი კვლევებით არავინ არ აიტკივებდა თავს, სინამდვილეში რომ არ არსებულიყო ქმნილება სახელად ოდრადეკი. ერთი შეხედვით ის წააგავს ბრტყელ, ვარსკვლავისებურ ძაფის კოჭს, და მართლაც ძაფით შემოხვეული გეგონებოდა; თუმცა ეს მხოლოდ აწეწილი და დაბურდული სხვადასხვა სახის და ფერის ნართის ნაგლეჯებია. მაგრამ აქ მარტო კოჭი როდია, აქ ვარსკვლავის ცენტრიდან გამოდის ერთი განივი ჩხირი, და ამ ჩხირს მართ კუთხედ ემაგრება კიდევ ერთი. სწორედ ამ უკანასკნელი ჩხირის ერთი მხრიდან და ვარსკვლავის ერთ-ერთ სხივზე მეორიდან დაყრდნობით, ეს ყველაფერი თითქოს ორ ფეხზეც კი დგას.

გონებაში თავისთავად იბადება აზრი, თითქოს ამ ქმნილებას ოდესღაც ჰქონია გარკვეული მიზანშეწონილი ფორმა და ახლა უბრალოდ გატეხილია. მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ არის; ყოველ შემთხვევაში, ამის არავითარი კვალი არ ჩანს — არც ნატეხები, არც ნამტვრევები, რომლებიც მსგავს რამეზე მიგვანიშნებდა; მთელი მისი აშკარა უაზრობის მიუხედავად, მასში მაინც იგრძნობა ერთგვარი სრულება. თუმცა ამის უფრო ზუსტად აღწერა შეუძლებელია, რადგან ოდრადეკი უკიდურესად მოძრავია და მისი დაჭერა ვერაფრით ვერ მოხერხდება.

ის ხან სხვენზეა, ხან კიბეზე, ხან დერეფნებში, ხანაც შემოსასვლელში. ზოგჯერ თვეების განმავლობაში არ ჩანს — მაშინ, ალბათ, სხვა სახლებში გადადის; მაგრამ შემდეგ შეუცვლელად ბრუნდება ისევ ჩვენს სახლში. ხანდახან, როცა კარს გამოაღებ და ის სწორედ ქვემოთ, მოაჯირს მიყრდნობილი დაგხვდება, მოგინდება დაელაპარაკო. რა თქმა უნდა, რთულ კითხვებს არ უსვამ; მას ისე მიმართავ — თვით მისი სიპატარავე გკარნახობს ამას — როგორც ბავშვს. „რა გქვია?“ — ეკითხები. „ოდრადეკი“, — გპასუხობს. „და სად ცხოვრობ?“ — „განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ მაქვსო“, — იტყვის და გაიცინის; მაგრამ ეს ისეთი სიცილია, რომელიც თითქოს ფილტვების გარეშეც შეიძლება გამოიცეს. მისი ჟღერადობა ჩამოცვენილი ფოთლების შრიალს მოგაგონებს. ამით საუბარი, როგორც წესი, მთავრდება. თუმცა ასეთ პასუხებსაც ყოველთვის ვერ მიიღებ — ხშირად ის დიდხანს დუმს ძელაკივით, რასაც, როგორც ჩანს, მართლაც წარმოადგენს.

ამაოდ ვეკითხები საკუთარ თავს, რა მოუვა მას. ნუთუ შეიძლება მოკვდეს? ყველაფერი, რაც კვდება, ოდესღაც რაიმე მიზანს ემსახურებოდა, რაღაც მოქმედებებს ასრულებდა და ამით გაცვეთილიყო; ოდრადეკზე კი ამას ვერ იტყვი. მაშასადამე, ოდესმე ის კვლავ ჩამოგორდება კიბეზე ჩემი შვილებისა და მათი შვილების ფეხებთან, ძაფის ბოლოს უკან თრევით. ის ხომ აშკარად არავის აყენებს ზიანს; მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ის ჩემს სიკვდილსაც მოესწრება, თითქმის მტანჯველია.